საქართვეოს პარლამენტის ბიურომ ინსპექტორის სამსახურის გაუქმებაზე ცვლილებების დაჩქარებულად განხილვას მხარი დაუჭირა. დაჩქარებულ განხილვას მხარი მხოლოდ უმრავლესობის წევრებმა დაუჭირეს.
ფრაქცია ლელოს წევრის ანა ნაცვლიშვილის თქმით, პროექტის განხილვა დაჩქარებული წესით არ უნდა მოხდეს, რადგან პარლამენტი მის საფუძვლიან და დეტალურ განხილვას ვერ მოასწრებს.
"ვთქვათ მაშინ, რომ ეს ადამიანი არ მოგვწონს და ამიტომ უშვებთ სახლში, ამისთვის კი რეფორმას ატარებთ. პარლამენტმა აირჩია და 2 წლის წინ ნდობა გამოუცხადა ამ ადამიანს", - თქვა ნაცვლივილმა.
შემდეგი ბიუროს სხდომა 29 დეკემბერს ჩატარდება.
25 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ მმართველი პარტიის ინიციატივით, სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური უქმდება.
მას ორი უწყება ჩაანაცვლებს - სპეციალური საგამოძიებო სამსახური, რომელიც სამოხელეო დანაშაულებს გამოიძიებს და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური, რომელსაც პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების კონტროლის, ასევე, ყველა ფარული საგამოძიებო მოქმედებებისა და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებული აქტივობების კონტროლის ფუნქცია ექნება.
ლონდა თოლორაიამ, რომელიც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს ხელმძღვანელობს, ამის შესახებ მედიიდან გაიგო.
მისი შეფასებით, ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება არის "მისი დასჯა დამოუკიდებლობის გამო".
არასამთავრობო ორგანიზაციები ქართული ოცნების მიერ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიმართ დაგეგმილი "თავდასხმის, ინსტიტუტის დამოუკიდებლობისა და ნდობის რღვევის გამო" უკიდურეს შეშფოთებას გამოთქვამენ.
გარდა ამისა, გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა სახელმწიფო ინსპექტორის გაუქმების შესახებ ხელისუფლების გადაწყვეტილებას ღრმად შემაშფოთებელი უწოდა და ინიციატორებს მისი გაწვევისკენ მოუწოდა.